← მთავარი

სუფრის ლექსიკონი

ვინ არის მერიქიფე, რა არის ალავერდი, რატომ არ იდგმება ყანწი? სუფრას თავისი სიტყვები აქვს და თავისი წესები, რომლებიც არსად წერია — აქ ერთად არის.

სუფრის როლები და სიტყვები

თამადა
სუფრის წინამძღოლი, რომელსაც მასპინძელი ირჩევს და ლოცავს. სადღეგრძელოებს ის იწყებს, რიგს ის იცავს და სუფრასაც ის ხურავს.
მერიქიფე
თამადის დამხმარე, ღვინის ჩამოსხმაზე პასუხისმგებელი. თვალს ადევნებს, რომ სადღეგრძელოს დროს ჭიქა არავის დაუცარიელდეს.
ალავერდი
სადღეგრძელოს გადაცემა სუფრის სხვა წევრისთვის: ის იმავე თემას იმეორებს, ავითარებს და თამადას უბრუნებს.სიტყვის წარმომავლობა სადავოა — სუფრაზე ეს არავის აინტერესებს.
სადღეგრძელო
სიტყვა, რომლითაც ვინმეს ან რაიმეს დღეგრძელობას ვუსურვებთ. „დღეგრძელობიდან“ მოდის: გრძელი დღეები, გრძელი სიცოცხლე.
შესანდობარი
წასულების მოსახსენებელი სადღეგრძელო. ფეხზე ითქმის, ჭიქებს არ აჭახუნებენ და მასზე დიდხანს არ ჩერდებიან.
ბოლომდე
მთავარ სადღეგრძელოებზე — უფლისა, მშვიდობის, სუფრის მიზეზისა — ჭიქა ბოლომდე იცლება. დანარჩენზე ზომა თამადამ იცის.
მრავალჟამიერ
„მრავალი ჟამი“ — დიდხანს იცოცხლე. სურვილიც არის და სუფრული სიმღერაც, რომელიც საპატიო სადღეგრძელოს მოსდევს.
ნება მიბოძეთ
ფრაზა, რომლითაც სუფრის წევრი თამადას სიტყვის უფლებას სთხოვს. თამადის გვერდის ავლით სადღეგრძელო არ ითქმის.
გაუმარჯოს / გაგიმარჯოს
გაუმარჯოს — მას ან რამეს: „საქართველოს გაუმარჯოს“. გაგიმარჯოს — შენ, პირდაპირ მიმართვისას: „შენ გაგიმარჯოს, ძმაო“.
დაშლა-არმოშლის სადღეგრძელო
სუფრის ბოლოსწინა სადღეგრძელო: ისე მშვიდობიანად დავიშალოთ, როგორც შევიკრიბეთ, და ისევ შევიკრიბოთ.
ყოვლადწმინდის სადღეგრძელო
ბოლო სადღეგრძელო, რომლითაც სუფრა იხურება. მის შემდეგ სტუმრები თამადას ადღეგრძელებენ — ლხინზე; ქელეხზე არა.

სასმისები

განსაკუთრებული სადღეგრძელო განსაკუთრებულ ჭურჭელს ითხოვს — და ის ხელიდან ხელში გადადის.

ყანწი
თხის, ხარის ან არჩვის რქა. საპატიო სადღეგრძელოზე გამოაქვთ; ძირი არ აქვს, ამიტომ არ დაიდგმება, სანამ არ დაიცლება.უფრო აღმოსავლეთ საქართველოში იხმარება — ქორწილსა და ნათლობაზე.
ჭინჭილა
ვიწროყელიანი თიხის სასმისი, რომლითაც ბავშვებს ლოცავენ.
საფეხე
გურული სასმისი. ამით ახლადმოსული სტუმრის სადღეგრძელო ითქმის — იმისაც, ვინც არ სვამს.
აზარფეშა
ვერცხლის ბრტყელი სასმისი გრძელი ტარით. საპატიო სადღეგრძელოზე გამოაქვთ.
ფიალა
ფართო, უტარო თასი — ორივე ხელით უჭირავთ.
თასი
ლითონის, უფრო ხშირად ვერცხლის, საზეიმო სასმისი. ხშირად ოჯახის რელიქვიაა და თაობიდან თაობას გადაეცემა.
ბადია
დიდი, ღრმა სასმისი — ხის ან ლითონის. სუფრაზე ხელიდან ხელში გადადის და ბოლომდე იცლება.
ჯამი
თიხის ან ხის ღრმა ჭურჭელი. ძველად ღვინოც ჯამით ისმებოდა.
კულა
ხის სასმისი ვიწრო ყელით, რაჭასა და იმერეთში გავრცელებული.
დოქი და ხელადა
თიხის ჭურჭელი, რომლითაც ღვინო სუფრაზე მოაქვთ. ხელადას სახელური აქვს, დოქს — არა ყოველთვის.

წესები, რომლებიც წიგნში არ წერია

ვინ სვამს პირველი
მასპინძელი. პირველი ჭიქით ის სუფრას აკურთხებს და თამადას ასახელებს — და მხოლოდ მერე იწყება რიგი.
დაგვიანებულის ჯარიმა
ვინც დააგვიანა, უკვე ნათქვამ სადღეგრძელოებს „ეწევა“ — ერთი ჭიქით მაინც. სასჯელი კი არა, პატივია: სუფრამ შენიშნა.
ვინც ვერ მოვიდა
კახური სუფრა ცალკე სადღეგრძელოს უთმობს მათ, ვისაც მოსვლა უნდოდა და ვერ მოვიდა. არმყოფსაც ეთქმის სადღეგრძელო — გვერდით მჯდომი პასუხობს.
ალავერდის მიღება
თუ თამადამ ალავერდი გითხრა, იმავე თემაზე აგრძელებ — მოკლედ, შენი სიტყვით — და ბოლოს თამადას უბრუნებ.
ორი ნაწილი
ჯერ აუცილებელი სადღეგრძელოები, მერე პირადი. მეორე ნაწილში სუფრაზე არავინ უნდა დარჩეს მოუხსენიებელი.
ტემპი
ლხინის სუფრა სამი-ოთხი საათია და რვიდან თექვსმეტამდე სადღეგრძელო. ქელეხი — ორ საათამდე და შვიდი-ცხრა.
ქელეხზე თამადას არ ადღეგრძელებენ
ჭირის სუფრაზე თამადის სადღეგრძელო არ ითქმის. ოჯახი მას მხოლოდ ერთს უსურვებს: სხვა დროს მხოლოდ ლხინის სუფრაზე ეთამადოს.

დანარჩენი — Tamada-ს აპლიკაციაში.

სადღეგრძელოები აპლიკაციაშია

ყველა სადღეგრძელო, ხუთივე სუფრისთვის, სახელებითა და ლექსებით — Tamada-ს აპლიკაციაში.

ჩამოტვირთე App Store-იდან

საიტზე კი მეგობრული ან ოჯახური სუფრა აიწყობა — აქვე.

დაიწყე სუფრა